English / ქართული / русский /
ანი მესხი
განახლებადი ეკონომიკის როლი კლიმატური ცვლილებების შერბილებაში

ანოტაცია. გლობალური კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგები მკვეთრად ვლინდება ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. ადამიანის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გამოწვეული კლიმატის ცვლილება დაკავშირებულია სათბურის გაზების ემისიასთან, რომელშიც უდიდესი წილი ნახშირორჟანგის ემისიებზე მოდის. თავის მხრივ, კლიმატის ცვლილება უარყოფითად მოქმედებს ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. 

ნაშრომში განხილული ეკონომეტრიკული მოდელი აანალიზებს სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას, ნახშირორჟანგის ემისიებსა და ჯანმრთელობაზე გაწეულ დანახარჯებზე დამოკიდებულებით, საქართველოს მაგალითზე. რეგრესიის მოდელით შედეგობრივი ცვლადის გაფანტულობის ახსნა მნიშვნელოვანია და მიღებული განტოლება ვარგისია დასკვნების გასაკეთებლად.
ამ კონტექსტში, სწორედ განახლებადი ეკონომიკაა კლიმატის ცვლილების შერბილების მნიშვნელოვანი ხელშემწყობი, რაც, პირველ რიგში, ნახშირორჟანგის ემისიების შემცირებაში გამოიხატება.

საკვანძო სიტყვები: მდგრადი განვითარება, განახლებადი ეკონომიკა, კლიმატის ცვლილება. 

შესავალი

განახლებადი ეკონომიკა რეგენერაციული სისტემაა, რომელშიც რესურსების, მასალებისა და პროდუქტების ფასეულობა ეკონომიკაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაშია შენარჩუნებული, ნარჩენების გამოყოფის მინიმიზაციის გზით.
ბოლო 150 წლიანი ინდუსტრიული ევოლუციის განმავლობაში ეკონომიკა ხასიათდებოდა განვითრების ე.წ წრფივი მოდელით, რომელიც გულისხმობს მატერიალური რესურსების მხოლოდ პირველად გამოყენებას. ამ მოდელმა მსოფლიო ეკონომიკა მიიყვანა მატერიალური და ფინანსური რესურსების არაეფექტიან ხარჯვამდე, გარემო პირობების გაუარესებასთნ ერთად. შესაბამისად, რესურსების ამოწურვა და კლიმატის ცვლილება წარმოადგენს თანამედროვე გლობალურ პრობლემას.
2006 წლიდან, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ,ქვეყნდება „გლობალური რისკების ანგარიში“, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მოსალოდნელი რისკების განვითრებაზე და მათ შორის არსებული ღრმა  ურთიერთკავშირების გამოვლენაზე. 2013 წლიდან, დავოსის ეკონომიკური ფორუმის თანახმად, გლობალურ რისკებში დომინირებს გარემოსთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: სათბური გაზების ემისიების ზრდა, კლიმატური პირობების ცვლილებები, წყლის მიწოდების კრიზისები, ამინდის ექსტრემალური მოვლენები. 2017 წლის ანგარიშის მიხედვით კი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები მოწინავე ადგილს იკავებს, როგორც მოხდენის მაღალი ალბათობის, ასევე ძლიერი ზემოქმედების მოხდენის მხრივ. 

არსებული პრობლემის გადაწყვეტა და მისი შედეგების შერბილება მოითხოვს თანამშრომლობას გლობალურ დონეზე, გრძელვადიანი სამოქმედო გეგმების განსახორციელებლად, რადგან ის გადაჯაჭვულია ეკონომიკური, სოციალური, გეოპოლიტიკური და ტექნოლოგიური ხასიათის რისკებთან. 

კლიმატური ცვლილებები, როგორც გლობალური პრობლემა და განახლებადი ეკონომიკის აქტუალობა

კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შედეგები სულ უფრო და უფრო მკვეთრად ვლინდება ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც, რაც დასტურდება მრავალწლიანი დაკვირვებებით საშუალო და გლობალურ ტემპერატურაზე. ისტორიულად ცნობილია კლიმატის ცვლილების რამდენიმე მოვლენა, მაგრამ ამჟამინდელი განსაკუთრებულია, რადგან, სხვებისაგან განსხვავებით, იგი გამოწვეულია ადამიანის ინტენსიური სამეწარმეო საქმიანობით, განსაკუთრებით, წიაღისეული საწვავის ინტენსიური მოხმარებით, რომელიც იწვევს  სათბურის გაზების კონცენტრაციის ზრდას ატმოსფეროში. ეკონომიკის სექტორები, რომლებშიც ხდება სათბური გაზების ემისია არის ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, მშენებლობა.

ქალაქებისა და მათში მცხოვრები მოსახლეობის პოტენციური წილის ზრდის შესაბამისად,ურბანული გარემო მუდმივ ტრანსფორმაციას განიცდის ეკონომიკურ-სოციალური, ტექნოლოგიური მიღწევებისა და პოლიტიკური ფაქტორების ზეგავლენით. ადამიანის საქმიანობის შედეგად შექმნილ ტექნოსფეროში აისახება ის უარყოფითი შედეგები, რომლებიც შემდგომში იწვევს რთულ და მრავალფეროვან ანთროპოეკოლოგიურ პრობლემებს.

საზოგადოების მატერიალური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად გამოსაყენებელი ბუნებრივი რესურსების ამოწურვადობის პრობლემიდან გამოსავალს განახლებადი ეკონომიკის მოდელის დანერგვა წარმოადგენს.


საქართველოს მზაობა გლობალური პრობლემის წინაშე

საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“-ის შესაბამისად, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპია ეკონომიკური განვითარების პროცესში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, ეკოლოგიური უსაფრთხოებისა და მდგრადობის უზრუნველყოფა და ბუნებრივი კატაკლიზმების რისკების თავიდან აცილება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია ხედვა მოცემული პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლისა, არსებობს ბარიერები, რომლებმაც შეიძლება შეაფერხოს ამ სტრატეგიის წარმატებით  განხორციელება. ხელისშემშლელ კრიტიკულ ფაქტორთა შორის გამოკვეთილია კერძო სექტორის დაბალი კონკურენტუნარიანობა, არასათნადოდ განვითარებული ადამიანური კაპიტალი და  ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა.

საქართველოში დღეისათვის არსებული საკანონმდებლო-ნორმატიული ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობდა განახლებადი წყაროების განვითარებასა და ენერგოეფექტურობის ამაღლებას, განახლებას საჭროებს.

მეტად მნიშვნელოვანია, რომ კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების განხორციელების პროცესში გამოყენებული იქნას უახლესი, მაღალეფექტური ტექნოლოგიები.რა თქმა უნდა, ამ ამოცანის გადაჭრა მხოლოდ ადგილობრივი ძალისხმევით ვერ მოხერხდება  და ამაში გამოყენებული უნდა იქნას კლიმატის ცვლილების საერთაშორისო პროცესის მიერ შემოთავაზებული ინსტრუმენტები, მათ შორის, ტექნოლოგიების გადაცემის კუთხით.

განახლებადი ეკონომიკური პროცესების წარმართვასა და აქედან გამომდინარე, მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი პოლიტიკის გამტარებლებს აკისრია. აუცილებელია  ამ პროცესებში მათი  ჩართულობა მმართველობის ყველა დონეზე. აღსანიშნავია,რომ საქართველოს გაცნობიერებული აქვს კლიმატის ცვლილების, როგორც გლობალური პრობლემის,სიმწვავე, რომლის  მთავარი გამომწვევი მიზეზი ატმოსფეროში სათბურის გაზების ემისიაა. ის ჩართულია ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო დონეზე შემუშავებულ პროცესებში. გააჩნია ასეთ პირობებში საკუთარი ეკონომიკის განვითარების ხედვები.

საქართველო შეუერთდა პარიზის შეთანხმებას, რომელიც მიღებულ იქნა 2015 წლის 12 დეკემბერს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში. ეს ხელშეკრულება ძალაშია 2016 წლის 25 აპრილიდან.

ყოველივე აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველომ უნდა დაფიქსიროს ემისიების ის რაოდენობა, რომლის შემცირებასაც ის დაიწყებს 2020 წლიდან, ქვეყანაში ამ მიმართულებით ორი პროცესი მიმდინარეობს: საქართველოს მთავრობა ამზადებს დაბალემისიებიან განვითარების სტრატეგიას (დეგს-LEDS). „დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგია“ მდგრადი განვითარების განუყოფელ წინაპირობას წარმოადგენს. დოკუმენტი დაეხმარება საქართველოს, კლიმატის ცვლილებაზე ორიენტირებული ეკონომიკური ზრდა დააჩქაროს, დააკმაყოფილოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებაში ჩამოყალიბებული მოთხოვნები (გარემოს დაცვის ნაწილში).მან შეიძლება შეასრულოს კატალიზატორის როლი დაბალემისიებიანი ეკონომიკური განვითარების გზაზე გადასასვლელად, რაც შედეგად მოიტანს დასაქმებისა და ინვესტიციების დონის ზრდას,სათბური გაზების ემისიების შემცირებას და სხვა სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით სარგებელს. ის საქართველოსათვის ხელმისაწვდომს გახდის ფინანსურ რესურსებს სხვადასხვა შესაბამისი წყაროებიდან, რაც დაეხმარება ქვეყანას სუფთა დაბალნახშირბადიან განვითარებაში.

საქართველოს მაგალითი განხილულია წრფივი რეგრესიის საშუალებით, 1995-2014 წლებისთვის და ბოლო წლებისთვის მაჩვენებლები ვერ გაითვაილისწინება მონაცემებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო. ეკონომეტრიკული მოდელი შედგება სამი ცვლადისგან: სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ნახშირორჟანგის ემისიები და ჯანმრთელობაზე გაწეული დანახარჯები. შედეგობრივ ცვლადად კი განხილულია სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა.


ცხრილში წარმოდგენილია მონაცემები:

წლები

Y

X1

X2

1995

70,23576

0,486455

0,12

1996

70,46605

0,880982

0,29

1997

70,74746

0,97914

0,36

1998

71,0579

1,105665

0,33

1999

71,38176

0,975945

0,36

2000

71,69339

1,026657

0,42

2001

71,97068

0,859401

0,52

2002

72,19856

0,77767

0,65

2003

72,36951

0,877318

0,73

2004

72,48105

1,018467

0,84

2005

72,5352

1,209497

0,99

2006

72,54249

1,486837

1,16

2007

72,52507

1,572983

1,39

2008

72,50312

1,282085

1,71

2009

72,50312

1,568938

1,83

2010

72,49805

1,608399

2,08

2011

72,53617

2,057305

2,28

2012

72,60363

2,206911

2,24

2013

72,69846

2,081139

1,94

2014

72,82063

2,411542

2,16


წყარო : http://www.worldbank.org/


ცხრილის მონაცემების მიხედვით, ექსელის გამოყენებით, რეგრესიის შედეგად მიღებული წრფივი ორფაქტორიანი მოდელია:

 = 71,301 –0,33x1 + 1,03x2 , i=1,2,...,n.

n=20;
y - დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა (წლები);
x1- ნახშირორჟანგის ემისიები მოსახლეობის ერთ სულზე (ტონა );
x2- მთლიანი დანახარჯები ჯანმრთელობაზე (მლნ. ლარი).

შინაარსობრივად, ნახშირორჟანგის ემისიების ერთი ერთეულით ზრდა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას 0,33 ერთეულით ამცირებს,მაშინ,როდესაც მთლიანი დანახარჯები ჯანმრთელობაზე ფიქსირებულია.

ანალოგიურად, ჯანმრთელობაზე გაწეული მთლიანი დანახარჯების ერთი ერთეულით ზრდა სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობას 1,03 ერთეულით ზრდის,ნახშირორჟანგის ემისიების მუდმივობის პირობებში.

რეგრესიის განტოლების მნიშვნელოვნება შეფასებულია F ტესტით, ფიშერის განაწილების საფუძველზე, მნიშვნელოვნების 5%-იანი დონითა და თავისუფლების (2,17) ხარისხებით. შედეგად,რეგრესიის მოდელით შედეგობრივი ცვლადის გაფანტულობის ახსნა მნიშვნელოვანია და მიღებული განტოლება ვარგისია დასკვნების გასაკეთებლად. 

დასკვნა

მართლია, საქართველო არ არის წიაღისეული საწვავი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, რომ უზრუნველყოს ენერგიის სრულყოფილად მიწოდება, მაგრამ განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების დიდი პოტენციალი აქვს.

განახლებადი ეკონომიკის მოდელის დანერგვას, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, ბევრი სხვა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია. მაგალითად: დასაქმების დონის ზრდა, ტექნოლოგიების განვითარება და ინოვაციების დანერგვა, ჰაერის, წყლისა და მიწის დაბინძურების დონის შემცირება, ადამიანის ჯანმრთელობისა და კომფორტის დონის გაზრდა.

მართლია, წიაღისეული საწვავი უახლოეს მომავალში არ ამოიწურება, მაგრამ ენერგოსადგურები და სამრეწველო აქტივობები განაგრძობენ  მილიარდობით ტონა ნახშირორჟანგის გამოყოფას ყოველწლიურად. მათი დიდი  ნაწილი საუკუნეების განმავლობაში რჩება ატმოსფეროში, რომლის თითოეული ტონაც მომავალი გლობალური დათბობის წინაპირობაა. სათბურის გაზების ემისია ზრდის ტენდენციით ხასიათდება, დღევანდელი მსოფლიო 10-ით უფრო თბილია, ვიდრე პრეინდუსტრიულ დროს იყო, რაც მიუთითებს, რომ მსოფლიო ჯერ კიდევ შორსაა იმ მიზნისაგან, რომ ხელი შეუშალოს გლობალურ დათბობას. არსებული ვითარებიდან გამოსავალს განახლებადი ეკონომიკის მოდელის დანერგვა წარმოადგენს, პოლიტიკურ ნებასთან და ტექნოლოგიურ პროგრესთნ ერთად. რაც უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი მზისა და ქარის ენერგიების,ენერგოეფექტური მოწყობილობების, ელექტროავტომობილების  გამოყენება, გამწვანებასთან ერთად, მით უფრო მალე დაუბრუნდება მსოფლიო გლობალური დათბობის 1.50-მდე შემცირების მიზნობრივ მაჩვენებლს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/  სუფთა ენერგიის პროგრამა,ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვა, 2016,- http://remissia.ge/uploads/other/0/945.pdf
2. დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიების შესაძლებლობათა გაძლიერება/ სუფთა ენერგიის პროგრამა,სათბურის გაზების ემისიები მრეწველობაში (არაენერგეტიკული), 2017,- http://pdf.usaid.gov/pdf_docs/PA00MNSF.pdf
3. მარგველაშვილი მ, მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის სალექციო მასალების კრებული. თბილისი, 2016- http://weg.ge/sites/default/files/climate_change_and_sustainable_development.pdf
4. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის- http://www.weg.ge
5. საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020“,- http://www.economy.ge/uploads/ecopolitic/2020/saqartvelo_2020.pdf
6. Lee p, Sims E, Bertham O, Towards a Circular Economy-Waste management in the EU,”Science and Technology Options Assessment”, 2017-http://www.europarl.europa.eu/RegData/etudes/STUD/2017/581913/EPRS_STU(2017)581913_EN.pdf
7. Opitz P, Sustainable Energy Pathways in the South Caucasus:Opportunities for Development and Political Choices,„South Caucasus Regional Office of the Heinrich Boell Foundation“, 2015,-https://ge.boell.org/sites/default/files/book_200x240mm.pdf
8. The Global Risks Report 2017 - http://reports.weforum.org/global-risks-2017/
9. The World  Bank- http://www.worldbank.org/
10. Towards the circular economy: Accelerating the scale-up across global supply chains, Geneva, ”World Economic Forum”, 2014,-http://www3.weforum.org/docs/WEF_ENV_TowardsCircularEconomy_Report_2014.pdf